ეს იყო ღამე
ეს იყო ღამე, როცა ჩუმად გააღე კარი.
ქურდივით შემოიპარე სახლში, თუმცა მძიმე სუნთქვა ისმოდა შენი.
სააბაზანოში შეხვედი და წამში გამოხვედი, ალბათ სარკეში არეულ სახელს ალაგებდი.
ჩვენს პატარა სახლში შენ მე არ მეძებდი, მე გამირბოდი…
სამზარეულოში შეხვედი და არც ქვაბში ჩაიხედე…
სიგარეტს წუთებს უთვლიდი ..
კვამლი გაყინულ გრძნობებსაც ვეღარ ერეოდა,
ალბათ გტკიოდა…
იცოდი, რომ არ მეძინა, თითქოს მიხვდი, რომ სათქმელს მიგიხვდი.
ჩვენ ხომ ვგრძნობდით ერთმანეთს
ჩვენი საძინებლიდან ბჟუტავდა მკრთალი შუქი…
ღამე კიდევ უფრო უკუნი გამხდარიყო, ვიდრე მანამდე.
წუთში ვითვლიდი წამებს, გელოდებოდი ან პირიქით გაგირბოდი.
ბოლოს კარი გააღე და შემოხვედი
ეს იყო ღამე, როცა პირველად მოხვედი სახლში და თვალებში არ შემომხედე,
არ მომესალმე და არ მომეხვიე.
ეს იყო ღამე, როცა ყველა გრძნობა გაიყინა წამით …
მერე მოხვედი და თავი დამადე მხარზე …
სუნთქვას ვგრძნობდი მძიმეს და აუტანელ სისასტიკეს
ეს იყო ღამე, როცა შენ არ იყავი ჩემი და არც მე ვიყავი შენი.
რა უნდა მეთქვა, სიჩუმემ გაანადგურა გრძნობა, სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი …
ავდექი მხოლოდ, არ გკითხე რამე.
ავიღე პალტო, ჩავიცვი ნელა , იქნებ გინდოდა რომ გეთქვა რამე …
დრო არ იცდიდა , ავიღე ჩანთა წუთით შევყოვნდი, ბოლოჯერ შევავლე ოთახს თვალი.
ეს იყო ღამე, როცა სიტყვებს აღარ აქვს აზრი.
ეს იყო ღამე, როცა აბზაცებს შორის დავსვით წერტილი.
გამოვიხურე კარი და გავედი გარეთ.
ეს იყო ღამე, როცა პირველად დარჩი გრძნობებთან მარტო.
No comments:
Post a Comment