შენ შეგიძლია შეცვალო მსოფლიო ?
შენ შეგიძლია იყო წარმატებული
შენ შეგიძლია იყო პოპულარულიც
შენ შეგიძლია გააკეთო ის რაც გეგონა რომ არ შეგეძლო
შენ შეგიძია აღმოფხვრა შენში ცუდი
შენ შეგიძლია გახდე უკეთესი ვიდრე ხარ
შენ შეგიძილია ისწავლო და ასწავლო სხვებს
შენ შეგიძია დაეხმარო ადამიანებს
შენ გაქვს შანსი გახდე ღირსეული ადამიანი
ამისთვის :
შენ უნდა იშრომო
შენ უნდა გამოიმუშავო ნებისყოფა
შენ უნდა იყო ამტანი და გამტანიც
შენ უნდა იყო გულისხმიერი და გულუხვი
შენ უნდა იყო სამართლიანი და არა აგრესიული
შენ უნდა იყო მოტივირებული და მიზანსწრაფული
შენ უნდა გიყვარდეს ყველაფერი რასაც აკეთებ
შენ უნდა ჩადო სიყვარული შენს საქმეში
შენ უნდა შეცვალო ცნობიერება
შენ უნდა გახდე ადამიანი და არა არაადამიანი
შენ უნდა გახდე ღირსეული პიროვნება
თუ შენ იქნები : ამტანი და გამტანი , მიზანწრაფული და მოტივირებული, მშრომელი და ორიენტირებული , ჭკვიანი და გულუხვი , ნასწავლი და თან ასწავლი , მოსიყვარულე და მზრუნველი
დამიჯერე შენ შეცვლი მსოფლიოს შენს ირგვლივ !
რატომ უცხოეთი და არა საქართველო
დღესდღეობით არსებობს სტერეოტიპი რომ ყველაფერი ქართული ცუდია , ვადაგასულია ყველა ცდილობს იპოვოს გზა და წავიდეს ქვეყნიდან . პრობლემა ის კი არ არის რომ უნდათ უცხოეთში წასვლა განათლების მისაღებად ,არამედ პრობლემას ვეჩეხებით მაშინ, როცა მათ დაბრუნება არ უნდათ სამშობლოში . ახალგაზრდობას ჰგონია, რომ უცხოეთში წასვლით მათი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეიცვლება. ეს ხომ ადამიანების გადინებაა ქვეყნიდან , იმ ახალგაზრდობის რომელების საშუალებითაც ქვეყანა უნდა განვითარდეს და წინსვლა ჰპოვოს.

ადამიანებს იქ გვინდა სადაც ჯერ არ ვყოფილვართ , გვგონია რომ ყველაფერი ცუდი , ამორალური და არასამართლიანი მხოლოდ საქართველოში ხდება . არ მოგვწონს ტრადიციები , შეხედულებები და ტაბუები, რომელსაც გვიყენებენ და თუნდაც თავს გვახვევენ. მაგრამ რეალურად არც ჩვენ ვიცით ქვეყნის ფარგლებს გარეთ რა ხდება , როგორი მდგომარეობაა . უბრალოდ არსებულიდან გაქცევას ვცდილობთ და არა მის შეცვლას . ვფიქრობ , პრობლემა ჩვენშიც არის, რადგან არ ვცდილობთ შევცვალოთ ის ძველი და დავნერგოთ ახალი , ვიყოთ ინოვატორები . ვამბობთ, რომ საქართველო მზად არ არი სიახლეების მისაღებად , საქართველო კი არა ჩვენ თვითონ არ გვაქვს ძალა და მოტივაცია , რომ შევიცვალოთ ჯერ ჩვენი ცნობიერება და მერე სხვების ცნობიერების შეცვლაც დავისახოთ მიზნად. ყველაფერი ადვილად არ ხდება და არც არავინ გვპირდება, რომ ყველაფერი ცხოვრებაში მარტივად აგვეწყობა .
მაგრამ საკითხის დანახვა სხვა მხრიდანაც შეიძლება , მიზეზი მარტო ჩვენ, ახალგაზრდობა კი არა ვართ , არამედ არის საქართველოში ისეთი სტერეოტიპები, რომლებიც აქ არ გვაძლევენ განვითარების საშუალებას.
ძირითადი მიზეზი რისთვისაც მიდიან უცხოეთში და შემდგომ აღარ ბრუნდებიან: სტუდენტებს უცხოეთში ძირითადად წასვლა უნდათ სასწავლებლად, იმიტომ რომ მიიღონ მაღალი დონის განათლება , გაიგონ უფრო მეტი მათ სფეროში და რაც მთავარია ეს ცოდნა არ იყოს მხოლოდ თეორიული , არამედ პრაქტიკაშიც გამოყენება შეძლონ .რის საშუალებასაც აძლევს ახლაგაზრდებს უცხოეთის უნივერსიტეტები.
კონტრარგუმენტად შეიძლება მოვიყვანოთ ის ფაქტი , რომ დღესდღეობით საქართველოშიც არის რამდენიმე მაღალი დონის სასწავლებელი , რომელიც სტუდენტს ხელს უწყობს, რომ განვითარდეს . თუმცა სამსახურის დაწყების დროს მაინც პრიორიტეტულად მიიჩნევენ იმ სტუდენტს ვინც უცხოეთში დაასრულა სასწავლებელი . შეიძლება ეს ადამიანი უბრალოდ რიგითი სტუდენტი ყოფილიყო უცხოეთის უნივერსიტეტში, თუმცა ,, საზღვარგარეთ მიღებული განათლება ‘’ ეს მაინც გადამწყვეტია.
ეს უკვე ბიძგია იმისკენ რომ სტუდენტს უჩნდება სწრაფვა წავიდეს ქვეყნიდან , მიიღოს განათლება მაგრამ თუ დაბრუნდება რას შესთავაზებენ აქ მას შრომის სანაცვლოდ? პრობლემაც სწორედ ეს არის , შრომის დაუფასებლობა . ძირითადი პრობლემა საქართველოში ეს არის . მუშაობ გაუთავებლად , არ გაგაჩნია დასვენების დღეები , მაგრამ სანაცვლოდ შენი ანაზღაურება შეიძლება ამერიკაში მომუშავე დამლაგებლის ანაზღაურებას უდრიდეს .
შემოგთავაზებთ რამდენიმე სტუდენტის ციტატას : ,,საზღვარგარეთ მეტი თავისუფლებაა, მეტი შესაძლებლობა დავიმკვიდრო თავი, იქ უფრო მეტი გართობაა და არა გაუთავებელი ბრძოლა არსებობისათვის ‘’ ; ,,უფრო საინტერესოდ წარმომიდგენია საზღვარგარეთ ცხოვრება, ცხოვრობენ ისე როგორც მათ სურთ და არა როგორც საზოგადოებას ‘’ ; ,, საქართველოს არ უყვარს სიახლეები ‘’ ; ,,შრომას უფრო აფასებენ იქ ვიდრე საქართველოში ‘’.
როგორც უკვე აღვნიშნე , ახალგაზრდობას მაინც ჰგონია რომ საზღვარგარეთ ყველაფერი ისეთი ფერადოვანია , იქ ყველაფერი მარტივია. მაგრამ ვიცით, რომ მარტივი არაფერია თუ არ იბრძოლე , იშრომე და შექმენი . გვეშინია ტრადიციების , შეხედულებების და საზოგადოების, მაგრამ ამის შეცვლაც შესაძლებელია თუ საკუთარ თავში ძალას ვიპოვით და თვითონ შევიცვლებით , შიშს დავძლევთ და ჩვენც არ ჩავერევით სხვის ცხოვრებაში.
მაგრამ მოდით ვთქვათ , რომ მატერიალური მხარე მაინც მაინც გადამწყვეტი მიზეზია , რის გამოც ადამიანები გაედინებიან ქვეყნიდან რათა იცხოვრონ , იარსებონ. მაგრამ , ის რომ უცხოეთში ისინი უცებვე მიაღწევენ წარმატებას ესეც აბსურდია , ადამიანები იქაც იბრძვიან სიცოცხლისათვის , მათთვის ორმაგად რთულია სამშობლოს , ახლობლებს მოწყვეტილი , უცხო მხარეში ცხოვრება და მუშაობა , სწავლა. ზრდასრული ადამიანები ტოვებენ ოჯახებს , მიდიან საზღვარგარეთ ,უწევთ მოუარონ სხვებს , იმუშაონ რესტორნებში ან ქარხნებში , რათა საარსებო ფული იშოვონ და სამშობლოში შვილებსა თუ ახლობლებს გამოუგზავნონ.
ცხოვრება რთული ფენომენია, ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ვფიქრობ , ყველაფერი გამოსწორებადია , უნდა აღმოიფხვრას ის ძირითადი პრობლემები რაც ადამიანებს არ აძლევს განვითარების საშუალებას , ადამიანების შრომა უნდა დაფასდეს, რომ ჩვენი ქართველი მამულიშვილები ფესვებს სხვა ქვეყანაში არ იდგამდნენ . იმედია ეს დროც დადგება , რომ ქართველი მიიღებს უმაღლეს განათლებას საქართველოში, წავა უცხოეთში და იქაც შეიძენს ცოდნას , შემდგომ კი დაბრუნდება და მოტივირებული შეეცდება ქვეყნის აღმშენებლობაში თავისი წვლილი შეიტანოს და არ გაუჩნდეს სურვილი, რომ მიატოვოს სამშობლო .
ეს იყო ღამე
ეს იყო ღამე, როცა ჩუმად გააღე კარი.
ქურდივით შემოიპარე სახლში, თუმცა მძიმე სუნთქვა ისმოდა შენი.
სააბაზანოში შეხვედი და წამში გამოხვედი, ალბათ სარკეში არეულ სახელს ალაგებდი.
ჩვენს პატარა სახლში შენ მე არ მეძებდი, მე გამირბოდი…
სამზარეულოში შეხვედი და არც ქვაბში ჩაიხედე…
სიგარეტს წუთებს უთვლიდი ..
კვამლი გაყინულ გრძნობებსაც ვეღარ ერეოდა,
ალბათ გტკიოდა…
იცოდი, რომ არ მეძინა, თითქოს მიხვდი, რომ სათქმელს მიგიხვდი.
ჩვენ ხომ ვგრძნობდით ერთმანეთს
ჩვენი საძინებლიდან ბჟუტავდა მკრთალი შუქი…
ღამე კიდევ უფრო უკუნი გამხდარიყო, ვიდრე მანამდე.
წუთში ვითვლიდი წამებს, გელოდებოდი ან პირიქით გაგირბოდი.
ბოლოს კარი გააღე და შემოხვედი
ეს იყო ღამე, როცა პირველად მოხვედი სახლში და თვალებში არ შემომხედე,
არ მომესალმე და არ მომეხვიე.
ეს იყო ღამე, როცა ყველა გრძნობა გაიყინა წამით …
მერე მოხვედი და თავი დამადე მხარზე …
სუნთქვას ვგრძნობდი მძიმეს და აუტანელ სისასტიკეს
ეს იყო ღამე, როცა შენ არ იყავი ჩემი და არც მე ვიყავი შენი.
რა უნდა მეთქვა, სიჩუმემ გაანადგურა გრძნობა, სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი …
ავდექი მხოლოდ, არ გკითხე რამე.
ავიღე პალტო, ჩავიცვი ნელა , იქნებ გინდოდა რომ გეთქვა რამე …
დრო არ იცდიდა , ავიღე ჩანთა წუთით შევყოვნდი, ბოლოჯერ შევავლე ოთახს თვალი.
ეს იყო ღამე, როცა სიტყვებს აღარ აქვს აზრი.
ეს იყო ღამე, როცა აბზაცებს შორის დავსვით წერტილი.
გამოვიხურე კარი და გავედი გარეთ.
ეს იყო ღამე, როცა პირველად დარჩი გრძნობებთან მარტო.